среда, 27 октября 2010 г.

ანდერძი ჩემს შვილს

გულს ნუ გაიტეხ, იყავ მხნე, 
რაც უნდა ჭირში ჩავარდე,
ცხოვრების დახლართული გზა
უშიშრად გაინნავარდე!


 ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდვე წრფელის გულითა!
მით ამაღლდები მდაბალი,
სხვებისგანც სიყვარულითა.

მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა,
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!

აი, ეს არის ამქვეყნად
შვება და ბედნიერება
და უკვდავების მარადი,
უჭკნობი ბედნიერება!
                                           
                                  1909 წელი

вторник, 26 октября 2010 г.

აკაკის ანდერძი

                  დაწერილი 1912 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის 
                   ნოტარიუს აბდუშელიშვილთან.
 „მე თავადი აკაკი როსტომის ძე წერეთელი, რომელიც ვარ სრულ ჭკუასა და მტკიცე მეხსიერებაზე, საჭიროდ ვთვლი სიკვდილის შემდეგ დავტოვო შემდეგი ანდერძი: მთელს  ჩემს კეთილშენაძენ უძრავ მამულს, რომელიც დარჩება ჩემს შემდეგ და რომელიც სადაც უნდა იმყოფებოდეს და რასაც უნდა შეიცავდეს, ვუტოვებ ჩემს მეუღლე კნეინა ნატალია: პეტრე ბაზილევსკის ასულს წერეთლისას და ჩემს შვილს თავადს ალექსი წერეთელს, რომ უფლობდნენ მას და სარგებლობდნენ მთელის სიცოცხლის განმავლობაში, ამ მამულიდან სამოსახლო ადგილს შენობებით და კარის ეკლესიით სოფელ სხვიტორში, შორაპნის მაზრაში, საკუთრებად უტოვებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ იქ გაიხსნას დედათა სკოლა ჩემი სახელობისა; ვენახსა და დანარჩენს ჩემს მამულს ვუტოვებ საკუთრებად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ქართულ ზღაპრებისა, არაკებისა და საერთოდ ზეპირ თქმულებათა შესაკრებად და გამოსაცემად. უფლება ჩემის ნაწერების გამოცემისა უნდა მიეცეს ზემოხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას აღნიშნულ მიზნისათვის. დანარჩენ ჩემს მოძრავ ქონებას ვუტოვებ ჩემს მეუღლესა და შვილს. რადგან ზემოხსენებულ სამოსახლო ადგილთან დაკავშირებულია ჩემთვის ფრიად ძვირფასი მოგონებანი, ამიტომ ვთხოულობ, როდესაც უფალი თავისთან გამიწვევს, დამასაფლაოთ კარის ეკლესიის გვერდით სოფელ სხვიტორში. გთხოვთ დამასაფლაოთ უბრალოდ და უგვირგვინოდ. გვირგვინის მსურველს ვსთხოვ, გვირგვინის ფასი გადასცეს ზემოხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
            ზემო აღნიშნულ მიზნისათვის ამ ანდერძში გამოთქმულ ჩემის ნების აღმსრულებლად ვნიშნავ: თავადს გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძეს, სერგო ლუკას ძე ბახტაძეს, კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილს და ექიმს ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილს“.

понедельник, 25 октября 2010 г.

ანდერძი მომავალ თაობას

"ამარჯობათ თქვენ , ახლად მომავალნო! მე, უკვე მიმავალი, გეთხოვებით და ვწუხვარ, რომ საგულისხმო ანდერძად ვერას გიტოვებთ. გარდა მარტო ხვეწნა – ვედრებისა: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო... თქვენი ერი, როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა, რადგანაც სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება, მაგრამ მისთანა სიყვარულში კი, რომელსაც სარჩულად სიმართლე და გულწრფელობა უძევს. უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და მშრომელს არ აქვს უფლება სთქვას : " უფალი ჩემთანაა, ალილუია."
                                                                  აკაკი